განცხადებები

ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი პერიოდული გამოცემა - ,,სამართლის ჟურნალი" 2024 წლის 15 მაისიდან 15 აგვისტოს  ჩათვლით  აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების კონკურსს ჟურნალის 2024 წლის #2 გამოცემისთვის.

ნაშრომის სახეები

1. სამართლის სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით ჟურნალში გამოსაქვეყნებლად შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:

ა) სამეცნიერო სტატია;

ბ) აკადემიური მიმოხილვა (რეცენზია);

გ) სამართლის პრაქტიკის ანალიზი;

დ) უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანი.

2. ჟურნალის მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს რუბრიკების შეცვლა, განვრცობა-შემცირება.

ნაშრომის გამოსაქვეყნებლად  წარდგენაზე უფლებამოსილი პირები

 ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენის უფლებამოსილებით სარგებლობენ შემდეგი პირები:

ა) თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების  პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, დამოუკიდებელი მკვლევარები, დოქტორანტები;

ბ)  სამართლის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები;

გ) სხვა ავტორები, რომლებიც  ჟურნალის სარედაქციო შემადგენლობის წევრის თხოვნის/მოწვევის საფუძველზე  მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

2. ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.

გამოსაქვეყნებად ნაშრომის  წარდგენის წესი და დოკუმენტაცია

1. ჟურნალში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ავტორისეული, ავთენტური კვლევა მხოლოდ  მისი პირველადი პუბლიცირების მიზნით.

2. ნაშრომი არ მიიღება ჟურნალში გამოსაქვეყნებლად თუ მისი არსებითი ნაწილი ან სრული ვერსია გამოქვეყნებულია ან უკვე წარდგენილია სხვა სამეცნიერო გამოცემაში  პუბლიცირების მიზნით.

3. ავტორი ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარადგენს სამეცნიერო სტატიის ქართულენოვან ვერსიას, სტატიის ინგლისურ ენაზე თარგმნას უზრუნველყოფს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი დაინტერესებულია ნაშრომი წარმოადგინოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. სტატიის გარდა,  გამოსაქვეყნებლად შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოენოვანი ნაშრომის თარგმანი, სამართლის პრაქტიკის ანალიზი და აკადემიური მიმოხილვა (რეცენზია).

4. ავტორმა ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე (law.journal@tsu.ge) გამოსაქვეყნებლად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) ნაშრომი (სრული ტექსტი  მხოლოდ ქართულ ენაზე), რომლის  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (სიტყვებს შორის არსებული მანძილის გარეშე) (ანოტაციის, ძირითადი ტექსტის,  სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით);  

ბ) ანოტაცია არაუმეტეს 300 (სამასი) სიტყვისა;

გ) საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 10 (ათი).

 დ) ბიბლიოგრაფია  (ბიბლიოგრაფიის შედგენის წესის (დანართი №1)  შესაბამისად);

ე) განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით (განცხადების ფორმა - დანართი №2);

ვ) დოქტორანტის მიერ ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა, რომელიც ასახავს ხელმძღვანელის თანხმობას სტატიის გამოქვეყნებაზე.

ზ)  ნაშრომის სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, ნაშრომის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია.

5. ავტორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ჟურნალის ციტირების აკადემიური სტანდარტი (დანართი №3).

6. ნაშრომის ტექსტი შესრულებული უნდა იყოს  Sylfaen_12  ფონ­ტით,  სქოლიო - Sylfaen_10  ფონ­ტით, სტრიქონებს შო­რის დაშორება - ერთი ინტერვალი.

7. აკადემიური და ციტირების სტანდარტების დადგენილი მოთხოვნების დაუცველად წარმოდგენილი ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი არ განიხილება. შესაბამისად,  არ შემოწმდება პლაგიატის პროგრამაში და არ დაექვემდებარება რეცენზირების პროცედურას.

თანხმობა ნაშრომის გამოქვეყნებაზე  

1. ჟურნალის კონკრეტულ ნომერში ნაშრომის გამოქვეყნებაზე რედაქციის თანხმობა გულისხმობს ნაშრომის უცვლელად ან ავტორის მიერ ან/და მისივე თანხობით, რეცენზენტებისა და რედაქტორთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, რედაქტირებული  ცვლილება-დამატებებით ნაშრომის პუბლიკაციას. 

2. გამოქვეყნებაზე ავტორის ინფორმირება ხორციელდება მმართველი/აღმასრულებელი რედაქტორების მიერ წერილობით, ჟურნალის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3. ნაშრომის გამოქვეყნებაზე  ოფიციალური დასტური, ავტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გაიცეს ასევე ცნობის სახით.

4. ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე ავტორის მიერ მესამე პირთა წინაშე განზრახ არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის  პასუხისმგებელია ავტორი.

გამოსაქვეყნებლად წარდგენის პოლიტიკა

,,სამართლის ჟურნალში" ნაშრომის წარდგენა გულისხმობს, რომ აღწერილი ნამუშევარი ადრე არ იყო გამოქვეყნებული, რომ ის არ განიხილება სხვაგან გამოსაქვეყნებლად, რომ მის გამოქვეყნებაზე თანხმობას აცხადებს ყველა ავტორი და ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც კვლევა  განხორციელდა.

გამოქვეყნების  უსასყიდლობა

ავტორთათვის ,,სამართლის ჟურნალში" ნაშრომის გამოქვეყნება უსასყიდლოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

Law.journal@tsu.ge;  Phone: +995 557 910019