
ISSN : 2233-3746
E-ISSN : 2720-782X
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
,,სამართლის ჟურნალის“
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ჟურნალის სტატუსი
მუხლი 2. ჟურნალის მიზანი, დარგობრივი მიმართულება და ამოცანები
1. ჟურნალი მიზნად ისახავს სამართლის ყველა დარგობრივი მიმართულებით შედარებითსამართლებრივი კვლევების პუბლიცირების გზით დინამიური და ინტერნაციონალური სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებას და სამეცნიერო დისკურსის გაფართოებას ტრანსნაციონალურ კონტექსტში.
2. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად ჟურნალის რედაქცია ახორციელებს:
ა) ჟურნალის სამეცნიერო სტატუსის ამაღლების, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მისი ინტეგრირებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას;
ბ) უცხოელი და ქართველი მეცნიერ-მკლევარების ეფექტიანი სამეცნიერო თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას;
გ) კვლევითი მიმართულებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგის ექსპერტების - ავტორებისა და რეცენზენტების მოზიდვას;
დ) საერთაშორისო საგამომცემლო სტანდარტებთან ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკის თანმიმდევრულ ჰარმონიზებას;
ე) ჟურნალის რეგულარულ გავრცელებას (ბეჭდურ-ელექტრონული ფორმით) ქართულ და უცხოურ აკადემიურ და პროფესიულ წრეებში, სამეცნიერო-საბიბლიოთეკო სივრცეებში.
თავი II. ჟურნალის მართვა და სარედაქციო უფლებამოსილების დადგენის წესი
მუხლი 3. ჟურნალის რედაქცია
1. ჟურნალის რედაქციის შემადგენლობაშია:
ა) მთავარი რედაქტორი;
ბ) მმართველი რედაქტორი;
გ) სარედაქციო კოლეგია.
2. ჟურნალს ტექნიკურ-საგამომცემლო უზრუნველყოფისთვის ემსახურება დამხმარე სარედაქციო პერსონალი: ენობრივი კორექტორი, დამკაბადონებელი და სხვა.
მუხლი 4. მთავარი რედაქტორი
1. მთავარ რედაქტორს ირჩევს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საბჭო ჟურნალის სარედაქციო საქმიანობისა და მართვის გამოცდილების, სამეცნიერო მიღწევებისა და მათი საერთაშორისო აღიარების, იურიდიული ფაკულტეტის მიმართ აკადემიური დამსახურების გათვალისწინებით. მთავარი რედაქტორის უფლებამოსილება გრძელდება იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს მიერ მთავარი რედაქტორის უფლებამოსილების შეწყვეტამდე;
2. მთავარი რედაქტორი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს და წარმართავს ჟურნალის საგამომცემლო და სამეცნიერო-განმავითარებელ პოლიტიკას;
ბ) ადგენს ნაშრომის შერჩევის კრიტერიუმებსა და ჟურნალის აკადემიურ (მათ შორის ციტირების) სტანდარტებს მმართველი რედაქტორის წარდგინების საფუძველზე;
გ) რეცენზენტების შეფასების საფუძველზე, მმართველი რედაქტორის მიერ მომზადებული წარდგინების გათვალისწინებით, აფასებს საჟურნალო ნაშრომების გამოქვეყნების საკითხს და წარუდეგენს მათ სარედაქციო კოლეგიას გამოქვეყნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
დ) განსაზღვრავს ჟურნალის სამეცნიერო მიმართულებებსა და რუბრიკებს;
ე) განსაზღვრავს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობას და მის ცალკეულ წევრთა ფუნქციურ უფლებამოსილებას;
ვ) იწვევს და თავმჯდომარეობს სარედაქციო კოლეგიის სხდომებს და განსაზღვრავს კოლეგიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს;
ზ) სარედაქციო კოლეგიის წევრთაგან წარუდგენს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს მმართველი რედაქტორის კანდიდატურას თანამდებობაზე დასანიშნად, განსაზღვრავს მის ფუნქციურ უფლებამოსილებას და, საჭიროების შესაბამისად, აკისრებს მას კონკრეტულ სარედაქციო დავალებას;
თ) რეკომენდაციით მიმართავს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს ჟურნალის ცალკეული ავტორისათვის თსუ-ის ბიუჯეტიდან ჰონორარის გაცემის თაობაზე;
ი) იღებს ჟურნალის ცალკეული ან ყველა ნაშრომის თსუ-ის ბიუჯეტის დაფინანსებით ინგლისურ ენაზე თარგმნის შესახებ გადაწყვეტილებას;
კ) ახორციელებს ჟურნალის სხვა მმართველობით ფუნქციებს და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
მუხლი. 5 მმართველი რედაქტორი
მმართველი რედაქტორი:
ა) მმართველი რედაქტორი პასუხისმგებელია ჟურნალის საერთო სამეცნიერო ხარისხსა და რედაქციული საქმიანობის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად წარმართვაზე;
ბ) მმართველ რედაქტორს, რომელიც იმავდროულად არის სარედაქციო კოლეგიის წევრი, მთავარი რედაქტორის წარდგინებით ნიშნავს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. მმართველი რედაქტორის უფლებამოსილება გრძელდება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ მმართველი რედაქტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე. მმართველ რედაქტორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ჟურნალის საქმიანობაში სათანადო გამოცდილება;
გ) ახორციელებს ჟურნალის დარგობრივი მიმართულებებით გამოცდილი მკვლევარების მოზიდვას და გამოცემების პოპულარიზაციას აკადემიურ-პროფესიულ წრეებში;
დ) სარედაქციო კოლეგიის დახმარებით და რეკომენდირებით ახდენს კომპეტენტური რეცენზენტების შერჩევას, მოწვევას და ასავე ახორციელებს სარეცენზიო საქმიანობის შინაარსობრივ-ორგანიზაციულ წარმართვას;
ე) წარმართავს და უზრუნველყოფს ჟურნალის გეგმაზომიერ ოპერაციულ საქმიანობას, საგამომცემლო ვადების კონტროლს, დათქმულ ვადებში საჟურნალო ნაშრომთა კონკურსის გამოცხადებას და მიღების პროცედურებს;
ვ) რეცენზენტების დასკვნების საფუძველზე წარმართავს ავტორებთან კომუნიკაციასა და კოორდინირებას უწევს რედაქციული შენიშვნების გასწორებას, ისევე როგორც უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ნაშრომების სამეცნიერო რედაქტირება სარედაქციო კოლეგიის მიერ ნაშრომების გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტამდე;
ზ) მეცნიერული თვალსაზრისით აფასებს ნაშრომებში ავტორთა მიერ რეცენზენტების რეკომენდაციების გათვალისწინების ხარისხს;
თ) საჭიროების შემთხვევაში რეცენზენტებთან და ავტორებთან მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში თავად ახორციელებს ნაშრომის სამეცნიერო-ტექნიკურ რედაქტირებას;
ი) რეცენზენტების დასკვნების საფუძველზე ამზადებს წარდგინებას მთავარი რედაქტორისთვის ნაშრომთა გამოქვეყნების საკითხის შეფასებისა და სარედაქციო კოლეგიისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შემდგომი წარდგენის მიზნით;
კ) მონაწილეობს სარედაქციო კოლეგიის სხდომებში, ხოლო ნაშრომების ბეჭდვის თაობაზე სარედაქციო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს სარგებლობს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით;
ლ) შეიმუშავებს ნაშრომის შერჩევის კრიტერიუმებსა და ჟურნალის აკადემიურ (მათ შორის ციტირების) სტანდარტებს და წარუდგენს მთავარ რედაქტორს დასამტკიცებლად;
მ) წელიწადში ერთხელ წარადგენს საქმიანობის წერილობით ანგარიშს მთავარი რედაქტორის სახელზე;
ნ) მთავარი რედაქტორის დავალებით ასრულებს სხვა სარედაქციო უფლებამოსილებას.
მუხლი 6. სარედაქციო კოლეგია
1.სარედაქციო კოლეგია არის ჟურნალის კოლეგიალური ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი რედაქტორი.
2. სარედაქციო კოლეგიის წევრებს იწვევს და მათ ფუნქციურ უფლებამოსილებას განსაზღვრავს მთავარი რედაქტორი.
3. სარედაქციო კოლეგიის წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს და უცხოური უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ან სამართლის პრაქტიკის სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლები ჟურნალის დარგობრივ სფეროებში.
4.სარედაქციო კოლეგიის სხდომებს იწვევს, თავმჯდომარეობს და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს მთავარი რედაქტორი.
5. სარედაქციო კოლეგია:
ა) მთავარი რედაქტორის წარდგინებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საჟურნალო ნაშრომების გამოქვეყნების თაობაზე;
ბ) მთავარი რედაქტორის წარდგინებით მსჯელობს ჟურნალის განვითარების დარგობრივ მიმართულებებზე, სამეცნიერო-კვლევით პრიორიტეტებზე, სპეციალური გამოცემის საკითხის გადაწყვეტაზე;
ბ) ხელს უწყობს ცნობილი მკვლევარების მოზიდვას და ჟურნალის პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში;
გ) მთავარი და მმართველი რედაქტორების მიმართვის საფუძველზე გასცემს სარეკომენდაციო მოსაზრებებს ჟურნალის განვითარების ცალკეულ მიმართულებებზე.
თავი III. ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენის წესი და რეცენზირების პროცედურა
მუხლი 7. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომის სახეები
1. სამართლის სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით ჟურნალში გამოსაქვეყნებლად შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:
ა) სამეცნიერო სტატია;
ბ) აკადემიური მიმოხილვა (რეცენზია);
გ) სამართლის პრაქტიკის ანალიზი;
დ) უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანი.
2. ჟურნალის მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს რუბრიკების შეცვლა, განვრცობა-შემცირება.
მუხლი 8. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების საფუძველი
1. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება შესაძლებელია:
ა) კონკურსის წესით;
ბ) ჟურნალის სარედაქციო შემადგენლობის წევრის მიერ ავტორის სპეციალური მოწვევის საფუძველზე.
ნაშრომის გამოსაქვეყნებლად მიღების შემთხვევაში, იგი ექვემდებარება ამავე დებულებით დადგენილი რეცენზირების პროცედურას.
მუხლი 9. საჟურნალო ნაშრომების კონკურსი
მუხლი 10. ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენაზე უფლებამოსილი პირები
1. ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენის უფლებამოსილებით სარგებლობენ შემდეგი პირები:
ა) თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, დამოუკიდებელი მკვლევარები, დოქტორანტები;
ბ) სამართლის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები;
გ) სხვა ავტორები, რომლებიც ჟურნალის სარედაქციო შემადგენლობის წევრის თხოვნის/მოწვევის საფუძველზე მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.
2. ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.
მუხლი 11. გამოსაქვეყნებად ნაშრომის წარდგენის წესი და დოკუმენტაცია
1. ჟურნალში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ავტორისეული, ავთენტური კვლევა მხოლოდ მისი პირველადი პუბლიცირების მიზნით.
2. ნაშრომი არ მიიღება ჟურნალში გამოსაქვეყნებლად თუ მისი არსებითი ნაწილი ან სრული ვერსია გამოქვეყნებულია ან უკვე წარდგენილია სხვა სამეცნიერო გამოცემაში პუბლიცირების მიზნით.
3. ავტორი ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარადგენს სამეცნიერო სტატიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვერსიას, რომელიც შესრულებულ უნდა იქნეს მაღალი ლინგვისტური სტანდარტების დაცვით. ამასთან, ქართულ ენაზე შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოენოვანი ნაშრომის თარგმანი. სამართლის პრაქტიკის ანალიზი და აკადემიური მიმოხილვა (რეცენზია) გამოსაქვეყნებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე ავტორის სურვილისამებრ.
4. ჟურნალის მთავარი რედაქტორი უფლებამოსილია, მიიღოს ჟურნალის ცალკეული ან ყველა ნაშრომის თსუ-ის ბიუჯეტის დაფინანსებით ინგლისურ ენაზე თარგმნის შესახებ გადაწყვეტილება.
5. ავტორმა ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე (journal@tsu.ge) გამოსაქვეყნებლად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ნაშრომი (სრული ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7000 (შვიდი ათას) ნაბეჭდ სიტყვას (ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით);
ბ) ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არაუმეტეს 300 (სამასი) სიტყვისა;
გ) საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 10 (ათი)) (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
დ) ბიბლიოგრაფია (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ნაშრომისთვის ცალ-ცალკე) მისი შედგენის წესის (დანართი №1) შესაბამისად;
ე) განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით (განცხადების ფორმა - დანართი №2);
ვ) დოქტორანტის შემთხვევაში, სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა;
ზ) ნაშრომის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია ნაშრომის სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში.
6. დებულების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით.
7. ავტორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ჟურნალის ციტირების აკადემიური სტანდარტი (დანართი №3).
8. ნაშრომის ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, სქოლიო - Sylfaen_10 ფონტით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი.
9. წინამდებარე დებულებითა და ციტირების წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად წარმოდგენილი ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი არ განიხილება. შესაბამისად, არ შემოწმდება პლაგიატის პროგრამაში და არ დაექვემდებარება რეცენზირების პროცედურას.
მუხლი 12. ნაშრომის პირველადი შერჩევა და რეცენზირების პროცედურა
ა) ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალში არაარსებითი ტექნიკურ-შინაარსობრივი რედაქტირების შემდეგ;
ბ) ნაშრომი მოითხოვს არსებით რედაქტირებას გამოქვეყნებამდე;
გ) ნაშრომი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.
თავი IV. ეთიკის პრინციპები ჟურნალის საგამომცემლო პროცესში
მუხლი 14. სტანდარტის რეგულირების სფერო
მუხლი 15. საგამომცემლო საქმიანობის პრინციპები
მუხლი 16. საავტორო უფლებები
მუხლი 17. ნაშრომის შინაარსი და აკადემიური თავისუფლების ფარგლები
მუხლი 18. მონაცემთა სიყალბე და პლაგიატი
მუხლი 19. ეთიკურ დარღვევაზე რეაგირების წესი
საგამომცემლო საქმიანობაში ეთიკის წინამდებარე წესების სავარაუდო დარღვევის შესახებ დაინტერესებული პირი/ჟურნალის სარედაქციო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს თსუ-ის ადმინისტრაციას დისციპლინური დარღვევის შემსწავლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით, რომლის საქმიანობა წარიმართება თსუ-ის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.