პლაგიატი და დისციპლინირება

ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენა გულისხმობს ავტორის, როგორც შესაბამისი საავტორო უფლების მატარებელი პირის, დასტურს ნაშრომის  ავტორობასა და გამოყენებული წყაროების  აკადემიური  კეთილსინდისიერებით დაცვით აღნიშვნაზე.

ავტორი უნდა აცნობიერებდეს მესამე პირის მოსაზრების, კვლევის ან პუბლიკაციის მითვისების ან შესაბამისი ციტირების გარეშე მათი გამოყენების (პლაგიატის) შედეგს.

ავტორი ვალდებულია, ნაშრომში მცდარი ინფორმაციის/მითითების აღმოჩენის შემთხვევაში,  პირველი შესაძლებლობისთანავე  აცნობოს ჟურნალის  მმართველ ან აღმასრულებელ რედაქტორს,  რაც,  უკვე გამოქვეყნებული ნაშრომის შემთხვევაში, გამოიწვევს ჟურნალის მომდევნო ნომერში შესწორების (erratum) პუბლიცირებას, ხოლო გამოსაქვეყნებლად მომზადებული ნაშრომის არსებობისას ― მმართველი რედაქტორის გადაწყვეტილებით ნაშრომის შესწორებას ან მის პუბლიკაციაზე უარის თქმას.

პლაგიატის იდენტიფიცირების მიზნით გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომი მოწმდება თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 13 მაისის № 37/2020 დადგენილებით მიღებული „სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის“ შესაბამისად და უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა “E-learning”-თან არსებული ანტიპლაგიატის პროგრამის - “Turnitin”-ის გამოყენებით.

კვლევაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი აღარ ექვემდებარება რეცენზენტთა მიერ შეფასებას და  გამოქვეყნების საკითხის განხილვას.

აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტის ნაშრომის გამოქვეყნების შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, ავტორი თავად არის დაინტერესებულ პირთა წინაშე პასუხისმგებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საგამომცემლო საქმიანობაში ეთიკის წინამდებარე წესების სავარაუდო დარღვევის შესახებ დაინტერესებული პირი/ჟურნალის სარედაქციო ორგანო უფლებამოსილია  მიმართოს თსუ-ის ადმინისტრაციას დისციპლინური დარღვევის შემსწავლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით, რომლის საქმიანობა წარიმართება თსუ-ის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.