ავტორთა პრინციპები

 ნაშრომის სახეები

1. სამართლის სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით ჟურნალში გამოსაქვეყნებლად შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:

ა) სამეცნიერო სტატია;

ბ) აკადემიური მიმოხილვა (რეცენზია);

გ) სამართლის პრაქტიკის ანალიზი;

დ) უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანი.

2. ჟურნალის მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს რუბრიკების შეცვლა, განვრცობა-შემცირება.

 ნაშრომის გამოქვეყნების საფუძველი

1. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება შესაძლებელია:

ა) კონკურსის წესით;

ბ) ჟურნალის სარედაქციო შემადგენლობის წევრის მიერ ავტორის სპეციალური მოწვევის საფუძველზე.

2.  ზემოხსენებული ორივე საფუძვლით ნაშრომის გამოსაქვეყნებლად მიღების შემთხვევაში, იგი ექვემდებარება ფარული რეცენზირების პროცედურას.

საჟურნალო ნაშრომების კონკურსი

1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების კონკურსის შესახებ ინფორმაცია ცხადდება ჟურნალისა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე. 

2. ნაშრომების კონკურსის გამოცხადება ხორციელდება წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში. ობიექტური სარედაქციო საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების წესის ცვლილება ჟურნალის წლიური პერიოდულობის შენარჩუნებით.

ნაშრომის გამოსაქვეყნებლად  წარდგენაზე უფლებამოსილი პირები

 ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენის უფლებამოსილებით სარგებლობენ შემდეგი პირები:

ა) თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების  პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, დამოუკიდებელი მკვლევარები, დოქტორანტები;

ბ)  სამართლის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები;

გ) სხვა ავტორები, რომლებიც  ჟურნალის სარედაქციო შემადგენლობის წევრის თხოვნის/მოწვევის საფუძველზე  მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

2. ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.

გამოსაქვეყნებად ნაშრომის  წარდგენის წესი და დოკუმენტაცია

1. ჟურნალში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ავტორისეული, ავთენტური კვლევა მხოლოდ  მისი პირველადი პუბლიცირების მიზნით.

2. ნაშრომი არ მიიღება ჟურნალში გამოსაქვეყნებლად თუ მისი არსებითი ნაწილი ან სრული ვერსია გამოქვეყნებულია ან უკვე წარდგენილია სხვა სამეცნიერო გამოცემაში  პუბლიცირების მიზნით.

3. ავტორი ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარადგენს სამეცნიერო სტატიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვერსიას, რომელიც  შესრულებულ უნდა იქნეს მაღალი ლინგვისტური სტანდარტების დაცვით. ამასთან, ქართულ ენაზე შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოენოვანი ნაშრომის თარგმანი.  სამართლის პრაქტიკის ანალიზი და აკადემიური მიმოხილვა (რეცენზია) გამოსაქვეყნებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე ავტორის სურვილისამებრ.

4. ჟურნალის მთავარი რედაქტორი უფლებამოსილია, მიიღოს ჟურნალის ცალკეული ან ყველა ნაშრომის თსუ-ის ბიუჯეტის დაფინანსებით ინგლისურ ენაზე თარგმნის შესახებ გადაწყვეტილება.

5. ავტორმა ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე (journal@tsu.ge) გამოსაქვეყნებლად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) ნაშრომი (სრული ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7000 (შვიდი ათას) ნაბეჭდ სიტყვას (ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით);  

ბ) ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არაუმეტეს 300 (სამასი) სიტყვისა;

გ) საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 10 (ათი)) (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

 დ) ბიბლიოგრაფია (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ნაშრომისთვის ცალ-ცალკე) მისი  შედგენის წესის (დანართი №1)  შესაბამისად;

ე) განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით (განცხადების ფორმა - დანართი №2);

ვ) დოქტორანტის შემთხვევაში, სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა;

ზ) ნაშრომის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია ნაშრომის სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში.

6. ავტორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ჟურნალის ციტირების აკადემიური სტანდარტი (დანართი №3).

7. ნაშრომის ტექსტი შესრულებული უნდა იყოს  Sylfaen_12  ფონ­ტით,  სქოლიო - Sylfaen_10  ფონ­ტით, სტრიქონებს შო­რის დაშორება - ერთი ინტერვალი.

8. აკადემიური და ციტირების სტანდარტების დადგენილი მოთხოვნების დაუცველად წარმოდგენილი ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი არ განიხილება. შესაბამისად,  არ შემოწმდება პლაგიატის პროგრამაში და არ დაექვემდებარება რეცენზირების პროცედურას.

თანხმობა ნაშრომის გამოქვეყნებაზე  

1. ჟურნალის კონკრეტულ ნომერში ნაშრომის გამოქვეყნებაზე რედაქციის თანხმობა გულისხმობს ნაშრომის უცვლელად ან ავტორის მიერ ან/და მისივე თანხობით, რეცენზენტებისა და რედაქტორთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, რედაქტირებული  ცვლილება-დამატებებით ნაშრომის პუბლიკაციას. 

2. გამოქვეყნებაზე ავტორის ინფორმირება ხორციელდება მმართველი/აღმასრულებელი რედაქტორების მიერ წერილობით, ჟურნალის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3. ნაშრომის გამოქვეყნებაზე  ოფიციალური დასტური, ავტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გაიცეს ასევე ცნობის სახით.

4. ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე ავტორის მიერ მესამე პირთა წინაშე განზრახ არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის  პასუხისმგებელია ავტორი.