ISSN : 1987-7668
E-ISSN : 2720-782X
ნაშრომის გაფორმების ზოგადი წესი
ნაშრომის სტრუქტურულად ჩამოყალიბება უნდა მოხდეს არა მარტო შესაბამისი თავებისათვის ნუმერაციის მინიჭებით, არამედ განსახილველი საკითხების დასათაურებით. სტატიის თავებად, ქვეთავებად და ქვექვეთავებად დაყოფისას გამოყენებულ უნდა იქნეს არაბული რიცხვები (მაგ.: 1.; 1.1.; 1.1.1. და ა.შ.), ცალკე უნდა გამოიყოს შესავალი და დასკვნა.
ტექსტი, ძირითადად, უნდა გადმოიცეს III პირში, ავტორი საკუთარი პოზიციის გამოსახატავად მაქსიმალურად უნდა მოერიდოს პირველ პირში თხრობას.
ავტორმა სქოლიოში უნდა მიუთითოს თავის მიერ მოყვანილი ციტატებისა და ფაქტობრივი გარემოებების წყარო. ნაშრომში მითითებულ სამეცნიერო წყაროთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 4/5 უნდა შეადგენდეს დასავლეთ ევროპულ ენებზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას, გარდა თემის სპეციფიკიდან გამომდინარე გამონაკლისი შემთხვევებისა.
სტატიის წყაროები განთავსებულია სქოლიოებში. სტატიას, დასკვნის შემდეგ დაერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია - ბიბლიოგრაფია.
სიტყვის, სახელწოდების, სათაურის შემოკლება ტექსტსა და სქოლიოში არ დაიშვება, გარდა საყოველთაოდ მიღებული შემოკლებებისა (მაგ.: პარაგრაფი - §, წელი - წ., მაგალითად - მაგ., იხილე - იხ., შეადარე - შეად. და ა.შ.).
თუ სტატიაში არის აბრევიატურა, მისი გამოყენების პირველ შემთხვევაში ის უნდა იყოს გაშიფრული, რის შემდეგაც ფრჩხილებში მიეთითება აბრევიატურა, რომელიც შემდგომ იქნება გამოყენებული (მაგ., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში - გსკ); ამავე პრინციპით, ხშირად გამოყენებულ კონვენციათა, კანონთა თუ სხვათა სახელწოდებები შემოკლდება საკვანძო სიტყვის მიხედვით, ანუ მისი გამოყენების პირველ შემთხვევაში ის მოხსენიებული უნდა იყოს სრულად და ფრჩხილებში მიეთითოს საკვანძო სიტყვა (მაგ.: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (შემდგომში - კონვენცია)).
სქოლიოში მითითებული უცხოენოვანი წყაროს ყოველი სიტყვა იწერება დიდი ასო-ბგერით, გარდა კავშირებისა, თანდებულებისა და არტიკლებისა (მაგ., Kuester E.L, Confidentiality in Mediation, A Trial of Broken Priomises, Hamline Journal of Public Law and Policy, Vol.16, №2, 1994-1995, 579).
სქოლიოში აუცილებელია ერთიანი სისტემის დაცვა: ავტორი და ნაშრომის სათაური გამოიკვეთოს სიტყვათა სხვადასხვა დახრილობით (მაგ., ავტორი - დახრით (იტალიკით), დანარჩენი ინფორმაცია - გამართულად, ასევე დახრით მიეთითება როგორც ყველა გამოყენებული გვარი, მაგ., რედაქტორის, ასევე თავად სიტყვა „რედაქტორის“ შემოკლება (რედ.). ამავე დროს, ყველა ერთეული (გარდა გვარისა და სახელის ინიციალისა) ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით და სქოლიოს ბოლოს დაისმის წერტილი.
სათანადოა მითითება, თუ ციტატა ჩასმულია ბრჭყალებში და სქოლიო გაფორმებულია ზემოთ აღნიშნული წესების მიხედვით. პერიფრაზის ან ცალკეული აზრის ფორმირების წყაროს მითითებისას გამოიყენება შესაბამისი სიტყვა: ,,იხილეთ ციტირება“ (იხ. ციტირება) ან „შეადარე“ (შეად.). „შეადარე“ მაშინ გამოიყენება, როდესაც ავტორს სჭირდება განსხვავებულ აზრზე მითითება.
ძირითად ტექსტში დასაშვებია მხოლოდ ნაშრომის სათაურთან უშუალო კავშირში მყოფი ან დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინფორმაციისა თუ ანალიზის მითითება. დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია მიეთითოს სქოლიოში.
უცხოური ტერმინები და გამოთქმები უნდა გადმოიცეს სქოლიოში, თუ ნაშრომის უშუალო მიზანი არ არის ტერმინის წარმოშობის დადგენა.
ქართული ტექსტისთვის უნდა გამოვიყენოთ „ქვედა“ და „ზედა“ („...“) ბრჭყალები, უცხოენოვანი ტექსტისთვის _ “ზედა” (“...”) ბრჭყალები;
ციტირებული ტექსტის ბოლოს სასვენი ნიშნები - წერტილი, ორწერტილი, წერტილ- მძიმე, კითხვისა და ძახილის ნიშნები - დაისმის ბრჭყალის წინ, როცა ისინი ასრულებენ წინადადებას, და ბრჭყალის შემდეგ, კონტექსტის მიხედვით, თუ ეს ბრჭყალი ეკუთვნის ცალკეულ სიტყვას ან ფრაზას;
როდესაც სიტყვასთან ერთდროულად თავს იყრის ბრჭყალი, სასვენი ნიშანი და სქოლიოს ნიშანი, უნდა დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა: 1. ბრჭყალი, 2. სასვენი ნიშანი, 3. სქოლიოს ნიშანი; ციტირებული ტექსტის (წინადადების) ბოლოს კი: 1. სასვენი ნიშანი, 2. ბრჭყალი, 3. სქოლიოს ნიშანი. ერთად არ იწერება ორი ბრჭყალი. ფრჩხილების შემთხვევაში კი შეიძლება მათი განსხვავებული ფორმების გამოყენება;
ტექსტში უნდა გაირჩეს ტირესა და დეფისის გამოყენება. დეფისი არის მოკლე ხაზი (-), რომლის წინ და შემდეგ არ არის ინტერვალი, ტირე კი უფრო გრძელი ხაზია ( – ) და მის წინ და შემდეგ აუცილებელია ინტერვალის დაცვა;
სქოლიოში იმავე წყაროზე მითითებისას, რომელიც უკვე გამოყენებული იყო, საჭიროა გამოიყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) ზუსტად წინა სქოლიოში მითითებული წყაროს ნაცვლად მიეთითება „იქვე“. „იქვეს“ შემდეგ კი (თუ საჭიროა) მიეთითება განსხვავებული მონაცემები (ტომი, წელი, გვერდი);
ბ) მანამდე მითითებული, მაგრამ არა წინამდებარე, წყაროს გამოყენებისას უნდა მიეთითოს ამ წყაროს სრული დასახელება შესაბამისი გვერდით.
მაგალითად:
1. Palo G.D., Trevor M.B. (eds.), EU Mediation Law and Practice, Great Britain, Oxford University Press, 2012, 118.
2. იქვე, 158-159 (წყარო იგივეა, განსხვავებულია გვერდი).
3. იქვე. (წყაროც და გვერდიც ერთი და იგივეა).
სქოლიოს გაფორმების წესი
სამართლებრივი აქტი:
წესი №1 - აუცილებელია სქოლიოში მიეთითოს მისი სრული დასახელება, მუხლი, პუნქტი/ნაწილი, წყარო, რომელშიც ის გამოქვეყნდა, აგრეთვე გვერდი და თარიღი
მაგალითად:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
Constitution of Spain, 31/10/1978.
წესი №2 - ძალადაკარგული სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია, აქტისთვის დადგენილი წესით (წესი №1) მითითებული ინფორმაციის ბოლოს ფრჩხილებში მიეთითოს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თარიღი და სიტყვა ,,ძალადაკარგულია“.
მაგალითად:
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, მე-7 მუხლი, პარლამენტის უწყებანი 45, 21/11/1997 (ძალადაკარგულია, 27/10/2015).
ლიტერატურული წყაროები:
აუცილებელია მიეთითოს:
წიგნისთვის - ავტორის (ავტორების) გვარი, სახელის ინიციალი (დახრით), წიგნის სათაური (უბრჭყალებოდ), ნაწილის, ნაკვეთის, ტომის ნომერი (თუ საჭიროა), გამოცემის ადგილი, წელი, გვერდი (გვ.-ს გარეშე).
ნათარგმნი წყაროების გამოყენებისას, შესაბამისი ნაშრომის ავტორის გვარისა და სახელის ინიციალის, ნაშრომის სათაურის მითითების შემდეგ, მიეთითება მთარგმნელის გვარი და სახელის ინიციალი, ფრჩხილებში მიეთითება მისი სტატუსი (მთარგმნელი/მთარგმნელები), რედაქტორის გვარი და სახელის ინიციალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ,,რედ“ ფრჩხილებში). ყველა გვარი და სახელის ინიციალი მიეთითება დახრით (იტალიკით).
მაგალითად:
ტურავა პ., ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, მე-2 გამოც., თბ., 2018, 24.
კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, დარჯანია თ., ჭეჭელაშვილი ზ. (მთარგმნელები), ჩაჩანიძე ე., დარჯანია თ., თოთლაძე ლ. (რედ.), მე-13 გამოც., თბ., 2014, § 631, აბზ. 1.
Klaus H., Handbook on Probation Services, Rome, London, 1998, 15
მეორეული წყაროს გამოყენების შემთხვევაში, თავდაპირველად უნდა მიეთითოს ის ნაშრომი, რომელშიც ავტორი გაეცნო პირველად წყაროს.
მაგალითად:
(ნაშრომის ავტორი ჯერ მიუთითებს იმ წყაროს, რომელშიც იგი პირველად წყაროს გაეცნო, შემდგომ ,,იხ. ციტირება“-ს გამოყენებით კი მიეთითება პირველადი წყარო):
ელოშვილი ნ., კონფიდენციალურობის პრინციპის მნიშვნელობა მედიაციის პროცესში, ჟურნ. ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა – წელიწდეული 2013“, თსუს გამომცემლობა 2014, 32, იხ. ციტირება: Alfini J.J., Press S.B., Sternlight J.R., Stulberg J.B., Mediation Theory and Practice, 2nd ed., Lexisnexis, 2006, 222.
კრებულის სტატიის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს: სტატიის ავტორის (ავტორების) გვარი, სახელის ინიციალი, სტატიის სათაური (უბრჭყალებოდ), კრებულის სახელწოდება (უბრჭყალებოდ), მითითებით, თუ ვისი რედაქციით გამოდის, ნაწილის, ნაკვეთის, ტომის ნომერი (თუ საჭიროა), გამოცემის ადგილი (თბილისის შემთხვევაში დასაშვებია შემოკლება – თბ., სხვა შემთხვევაში კი მიუთითეთ სრულად), წელი, გვერდი (გვ.-ს გარეშე).
მაგალითად:
ბურდული ი., საწესდებო კაპიტალი და მისი ფუნქციები, კრებულში: თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, ელიზბარაშვილი ნ. (რედ.), თბ., 2009, 236.
Kennedy D., The Politics and Methods of Comparative Law, The Common Core of European Private Law, Essays on the Project, Mattei U., Bussani M. (eds.), Hague, 2002, 143.
ჟურნალის (გაზეთის) სტატიის გამოყენებისას აუცილებელია მიეთითოს: სტატიის ავტორის (ავტორების) გვარი, სახელის ინიციალი, სტატიის სათაური (უბრჭყალებოდ), პერიოდიკის სახელშემოკლებით (ჟურნ., გაზ.,) სახელწოდება (ქართულენოვანი გაზ./ჟურნ.-ის შემთხვევაში ბრჭყალებში, უცხოენოვანი გაზ./ჟურნ.-ის შემთხვევაში ბრჭყალების გარეშე), ნომერი, წელი (თვე, რიცხვი), გვერდი (გვ.-ს გარეშე); უცხოური წყაროების ყველა ბიბლიოგრაფიული ელემენტი უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე, ან იმ ენაზე, რომელზეც მას ეცნობა ავტორი (შესაბამისი ოფიციალური თარგმანის მითითებით).
მაგალითად:
მგელაძე თ., პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობა აშშ-ის, გერმანიისა და საქართველოს სამართლის დოქტრინაში, „სამართლის ჟურნალი“, № 2, 2018, 56-57.
ბაინდურაშვილი ნ., სამოხელეო დავის განხორციელების სპეციფიკა, სამართლებრივი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ჟურნ. „მართლმსაჯულება და კანონი“, № 3(38), 2013, 116.
Akkermans B., Sustainable Property Law?, European Property Law Journal, Vol. 7, Issue 1, 2018, 1.
ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული მასალა, საჭიროებს შესაბამისი ინტერნეტგვერდისა და ბოლო განახლების თარიღის მითითებას; სტატიის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორის გვარი, სტატიის სათაური, სათაურის შემდგომ მძიმე, ინტერნეტგვერდი, თარიღი. სამკუთხედ ფრჩხილებში (<....>) მიეთითება ელექტრონული მისამართი, კვადრატულ ფრჩხილებში ([....]) კი ბოლო განახლების თარიღი. სამკუთხედ და კვადრატულ ფრჩხილთა შორის მძიმე არ დაისმება.
მაგალითად:
Zhen Qu C., Ahl B., Lowering the Corporate Veil in Germany: a Case Note on BGH 16 July 2007 (Trihotel), Oxford U Comparative L Forum 4, 2008, <ouclf.iuscomp.org> [12.12.2018].
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, <http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7413> [03.12.2019].
საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებები:
საქმეებისა და მათი გადაწყვეტილებების სახელწოდებები ტექსტში გამოიყენება ქართულად (იტალიკით), სრულად კი ორიგინალის ენაზე შეიძლება იქვე მიეწეროს ან სქოლიოში მიეთითოს შემდეგი თანმიმდევრობით: მხარე მხარის წინააღმდეგ, წელი, გამომქვეყნებელი ორგანო, გვერდი, სასამართლო.
მაგალითად:
Court of Justice
მაგ.: Case 16/62, Van Gend en Loos, [1963] ECR 95.
European Court of Human Rights
მაგ.: Kostovski v. The Netherlands, [1990] ECHR (Ser. A.), 221.
International Court of Justice
მაგ.: Maritime Delimitation and Territorial Questions Between Qatar and Bahrain, [1995] ICJ Reports.
დიდი ბრიტანეთის სასამართლოებისთვის
ტექსტში მაგ.: საქმე არგილი არგილის წინაღმდეგ;
sqolioSi mag.: Argyll v. Argyll, [1967] 1Ch 302,324, 332.
აშშ-ის სასამართლოსთვის
ტექსტში მაგ.: საქმე ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ;
sqolioSi mag.: Brown v. Board of Education, (1954), 347 US 483.
ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები:
აუცილებელია ოფიციალური ეროვნული სტილის შენარჩუნება. ერთგვაროვანი ეროვნული მიდგომის არარსებობის შემთხვევაში ავტორმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი წესით:
საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებისას უნდა გამოიყოს
შემთხვევები - 1. გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია, 2. შესაძლებელია მისი გაცნობა ოფიციალურ ელექტრონულ წყაროში, 3. ხელმისაწვდომია მხოლოდ სასამართლო არქივში _ და ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომები.
მაგალითად:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე № ბს-184-183(კ-16).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება და სააღსრულებლო ფურცელი № 2/5856-19.
საერთაშორისო ორგანიზაციათა დოკუმენტები:
საერთაშორისო ორგანიზაციათა დოკუმენტების დამოწმების წესი გამოიყენება იმ სტილით, რომელიც გამოყენებულია ოფიციალურად საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (იხ. ოფიციალური ვებ-გვერდები).
მაგალითად:
OECD, G20/OECD Principles of Corporate Governance, OECD Publishing, Paris, <http://dx.doi.org/10.1787/9789264236882-en> [03.12.2019].
კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მითითება:
კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენებისას, აუცილებელია მიეთითოს კონვენციის/საერთაშორისო ხელშერულების დასახელება, მუხლი/პუნქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წყარო, რომელშიც აღნიშნული კონვენცია/საერთაშორისო ხელშეკრულებაა გამოქვეყნებული, კონვენციის/ხელშეკრულების მიღების/ძალაში შესვლის თარიღი, შესაბამისი გვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მაგალითად:
Vienna Convention for the Protection of the Ozone Layer, International Legal Materials, 1985, 1520.